ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, კატალინ ცაკუს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა იყო „ეროვნული სამმხრივი სოციალური დიალოგი“, რომლის მიზანია რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნა.
შეხვედრის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სოციალური დიალოგისა და სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და უპირატესობას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ დონეზე.
გაიმართა დისკუსია შრომითი ურთიერთობების სფეროში რეგიონული პრიორიტეტების განსაზღვრისა და იმერეთში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.