ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში , პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა. ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, კუიავსკო-პომორსკის მარშალის მოადგილე სლავომირ კოპიშჩი, პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ვანდა ზვინოგროდსკა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქუთაისის მეგობრულ კავშირებს პოლონეთის რეგიონებთან და ქალაქებთან. ცოტა ხნის წინ , პოლონეთის ქალაქ ტორუნში გაიხსნა წარმოშობით ქუთაისელის და პოლონეთში მოღვაწე ქართველის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი. დღეს კი, ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში დამოუკიდებელი პოლონეთის პირველი პრეზიდენტის , ქუთაისში დაბადებული ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი გავხსენით.
ძეგლის გახსნას ესწრებოდა ოფიციალური დელეგაცია პოლონეთიდან.
ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში. ჩვენი ქვეყნის და ქალაქის პოლონელი სტუმრებისთვის საქართველოში აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორის ამიერიდან ეს სკვერი და ძეგლიც იქნება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრში პოლონეთის დელეგაციის ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობებსა და გეგმებზე ისაუბრეს.