ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, ქუთაისის სპორტული პოლიტიკის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო.
დოკუმენტზე მუშაობის პროცესი 2023 წლის აპრილამდე გაგრძელდება და გულისხმობს მუნიციპალიტეტში სპორტის პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს, შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის შექმნას, აგრეთვე მერიის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ქუთაისში“ გაიმართა აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი სალომე ოდიშარია.
„ ქუთაისის სპორტული პოლიტიკის განვითარების პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში, შვედეთის ხელშეწყობით.
ჩვენს მიერ ინიცირებული პროცესი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებას; მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისა და შშმ პირთათვის, საჯარო სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას; პროფესიული სპორტის სისტემის გაძლიერებას, აგრეთვე ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სპორტის პოტენციალის გამოყენებას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტს მხარს უჭერს პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი , როგორც გამოცდილების გაზიარებით, ისე პირდაპირი ჩართულობით.
ინიციატივის დასრულების შემდეგ, ქუთაისი იქნება პირველი მუნიციპალიტეტი, რომელსაც სპორტის პოლიტიკის და თანმდევი სამოქმედო გეგმის დოკუმენტი ექნება.