ქუთაისის ოპერის თეატრში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. წელს კონკურსი ეძღვნება ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს.
კონკურსი ტარდება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ ,,არტ-ლიგა“.
საერთაშორისო კონკურსის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საშემსრულებლო ხელოვნებაში დამკვიდრებულ თანამედროვე ტენდენციებთან მეტად დაახლოების, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების, კონკურენტული არეალის გააქტიურებისა და გაფართოების მიზნით, 2022 წლის საერთაშორისო კონკურსი ტარდება მხოლოდ ფორტეპიანოს პროფილით.
კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი 17 დეკემბერს დაიხურება.