ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტოსკა“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
" დღეს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პრემიერას დავესწარით. ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა” მსოფლიო საოპერო ლიტერატურის იმ შედევრთა რიგს განეკუთვნება, რომლის რეპერტუარში არსებობა განაპირობებს საოპერო თეატრის შემოქმედებით დონესა და იმიჯს, მეტყველებს მის პროფესიულ ხარისხზე.
მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ოპერის თეატრმა ჩვეული მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა გვიჩვენა."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ტოსკას“ საპრემიერო დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის შემადგენლობით და თეატრის სოლისტებმა.
პრემიერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა .