ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
EBRD - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ეფექტური და სანდო მუნიციპალური მომსახურების და ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს.
ქუთაისის მერის და " იბიარდის" წარმომადგენლების შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ თემებზე ისაუბრეს, განიხილეს ქუთაისის განვითარებისთვის აუცილებელი პროექტები, რომელთა განხორციელებაში შესაძლოა EBRD-მა მიიღოს მონაწილეობა.
გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბოდო შმულინგმა ქუთაისის მერს წარუდგინა გაცნობითი ხასიათის პროექტი ენერგოეფექტურ, წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ავტობუსების შესახებ.
" ქუთაისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და ახალ პროექტებზე მუშაობას.
ამ დღეებში შეხვედრა მქონდა EBRD- ის და გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ რამდენიმე ინოვაციური პროექტი, მათ შორის ენერგოეფექტური ტრანსპორტის, გარე განათების, ნარჩენების შეგროვების და სამშენებლო პოლიგონების თემებზე. სპეციალისტებთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ პროექტებს და შევარჩევთ ჩვენი ქალაქისთვის ოპტიმალურ ვარიანტებს."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.