ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლას ევროპის სასკოლო-საგანმანათლებლო პლატფორმის eTwinning-ის სკოლის ტიტული მიენიჭა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლაში დღეს პროექტის, „ციფრული ტექნოლოგიები სოციალურ ჯგუფებში სანდო და უსაფრთხო კომუნიკაციისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ.
eTwinning-ის სკოლის ტიტულის ფლობა ნიშნავს, რომ სკოლა ევროპის მასშტაბით აღიარებულია როგორც სამაგალითო ევროპული ღირებულებებისა და პედაგოგიკის საუკეთესო პრაქტიკის გამზიარებელი ინსტიტუცია. აღნიშნული ტიტულის მქონე სკოლები წარმოადგენს როლურ მოდელს სხვა სკოლებისათვის რეგიონში.
სკოლამ ამ ტიტულის მოპოვებამდე ხანგრძლივი სამუშაო გასწია, რაც გულისხმობდა ევროპულ პროექტებში აქტიურ ჩართულობას და როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე გამარჯვებებს.
პროექტის, „ციფრული ტექნოლოგიები სოციალურ ჯგუფებში სანდო და უსაფრთხო კომუნიკაციისთვის“, მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეძლიერებინათ კონტროლი ციფრულ ტექნოლოგიებზე, გამხდარიყვნენ ინტერნეტისა და სოციალური მედიის პასუხისმგებლიანი მომხმარებლები და მიეღოთ ძირეული ცოდნა ინტერნეტსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. აღნიშნული გამარჯვება გულისხმობს ევროპული კომისიის მიერ ეროვნულ და ევროპულ დონეზე ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში სკოლის ჩართულობას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პროგრამას ევროკომისიის ინიციატივით 2013 წლიდან ახორციელებს, რაც მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაუმეგობრდნენ უცხოელ კოლეგებს ევროპის 44 ქვეყნიდან, განახორციელონ პროექტები და გაუზიარონ ერთმანეთს მიღებული გამოცდილება.