ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად , ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც ევროპის სასკოლო-საგანმანათლებლო პლატფორმის eTwinning-ის სკოლის ტიტული მიენიჭა.
eTwinning-ის სკოლის ტიტულის ფლობა ნიშნავს, რომ სკოლა ევროპის მასშტაბით აღიარებულია როგორც სამაგალითო ევროპული ღირებულებებისა და პედაგოგიკის საუკეთესო პრაქტიკის გამზიარებელი ინსტიტუცია. აღნიშნული ტიტულის მქონე სკოლები წარმოადგენს როლურ მოდელს რეგიონის სხვა სკოლებისათვის.
სკოლაში დღეს პროექტის, „ციფრული ტექნოლოგიები სოციალურ ჯგუფებში სანდო და უსაფრთხო კომუნიკაციისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
“ქუთაისის კიდევ ერთ წარმატებულ საჯარო სკოლას ვესტუმრეთ დღეს. 32-ე სკოლამ ევროპის სასკოლო-საგანმანათლებლო პლატფორმის eTwinning-ის სკოლის ტიტული მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვება სკოლაში განხორციელებული პროექტებისა და გაწეული საქმიანობის ევროპული კომისიის მიერ უმაღლეს დონეზე შესრულების ოფიციალურ აღიარებას გულისხმობს.
ვულოცავ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პროგრამას ევროკომისიის ინიციატივით 2013 წლიდან ახორციელებს, რაც მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაუმეგობრდნენ უცხოელ კოლეგებს ევროპის 44 ქვეყნიდან, განახორციელონ პროექტები და გაუზიარონ ერთმანეთს მიღებული გამოცდილება.