18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფულადი ჯილდო და სპეციალური დიპლომები გადასცა ქალაქის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ტრადიციულად აღვნიშნავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს და ჩვენ სახელოვან და ღვაწლმოსულ მუზეუმელებს ვაჯილდოვებთ.
მინდა, მივულოცო მათ ეს დღე!
მუზეუმების მესვეურნი, ჩვენი მემატიანეები და ამ ისტორიის მცველები, მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანები არიან ჩვენთვის.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს კერძო კოლექციონერმა შოთა ჯღამაიამ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ქართველი მეფეების სერიის მონეტები გადასცა საჩუქრად. ღონისძიება ქუთაისელი ახალგაზრდა პიანისტის გიორგი არაბიძის კონცერტით დასრულდა.