საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს, მათ შორის არის ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო, დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.
სტადიონები აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.
სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.