ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში , 1-ლი ივნისიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით იწყებს.
Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენის არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.
მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და და ავიაკომპანია „ვიზეარის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზედიზედ რამდენიმე წელია WIZZ AIR საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 683 000 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისიდან ჯამურად, WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.