ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ მოჭადრაკეს ანასტასია კირთაძეს შეხვდნენ, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ანასტასია კირთაძე ( მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) ქუთაისის საჭადრაკო სკოლის აღზრდილია და მისი წარმატებები სხვადასხვა რანგის ტურნირებზე მეტად შთამბეჭდავია.
ახალგაზრდა მოჭადრაკე არის ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში და ვერცხლის მედალოსანი ელვისებური ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში.
„ქუთაისის საჭადრაკო ტრადიციებს ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს ახალგაზრდა მოჭადრაკის ანასტასია კირთაძის სახით. ანასტასიამ თავის ტიტულებს ახლახან კიდევ ერთი მიუმატა- მსოფლიო ჩემპიონი გახდა რაპიდში, 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
დღეს პირადად შევხვდით ანასტასიას, მივულოცეთ ეს დიდი წარმატებები და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით. ნიჭიერ და მიზანსწრაფულ ახალგაზრდებს ყოველთვის ექნებათ ჩვენი ხელშეწყობა და თანადგომა.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.