ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ბურსის რეგიონში იმყოფება.
ქუთაისის მერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს ელჩთან თურქეთში გიორგი ჯანჯღავასთან ერთად, თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში შემავალი ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
როგორც ადგილობრივი ქართული დიასპორული ასოციაციების ბაზაზე მოქმედი ანსამბლები, ასევე, საქართველოდან, კერძოდ, ქუთაისიდან და ბათუმიდან მიწვეული შემოქმედებითი კოლექტივები.
„მინდა მადლიერება გამოვხატო ბურსის მერის და ადგილობრივი მთავრობის მიმართ, რომლებიც რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების მიმართ დიდ ყურადღებასა და მხარდაჭერას იჩენენ. ასევე, მისასალმებელია ამ ფესტივალის ორგანიზატორთა ძალისხმევა, რომ მოგვცეს საშუალება ქართული ფოლკლორის ნამდვილ ზეიმში მიგვეღო მონაწილეობა.
ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი „იმედი 2000“, უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობს, რაც ჩვენი ქალაქისა და იქაური დიასპორის მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ესწრებოდნენ: ქ. ბურსას მერი ალინურ აქთაში, ქ. ინეგოლის მერი და გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თურქეთის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელები და წევრები.