ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ირაკლი შენგელიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, 2020 წელს დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიები გააცნო.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ურთიერთთანამშრომლობის ახალ ფორმებს, მათ შორის სტრატეგიით გათვალისწინებულ საინფორმაციო კამპანიებში და ღონისძიებებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის საკითხებს.
დღევანდელ შეხვედრაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა ანა შალიკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმდინარე პროექტები და მუშაობის შუალედური ანგარიში წარუდგინა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დოკუმენტი წარმოადგენს საზოგადოებასთან კომუნიკაციის 2020 წლის სტრატეგიულ გეგმას. დოკუმენტი განსაზღვრავს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის მისიას, ხედვასა და მთავარ პრინციპებს.
სტრატეგია მოიცავს კომუნიკაციის მიზნებს და ამოცანებს, რომელთა საფუძველზეც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს და სხვა ღონისძიებებს.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ერთწლიან პერიოდს. დოკუმენტი განსაზღვრავს საკრებულოს კომუნიკაციის მისიას, ღირებულებებს და ამოცანებს, სტრატეგიის დოკუმენტში მოცემულია 2020 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანიები და სხვა ღონისძიებები.
ჩვენი მიზანია ამ აქტივობით ხელი შევუწყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი მეწარმეების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის გაზრდას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ფორმებზე, ეს გულისხმობს საკრებულოს და კომისიის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროგრამებზე ინფორმაციის გაცვლის ეფექტური მექანიზმის დანერგვას, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების უკუკავშირის მიღებას და ამის საფუძველზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ახალი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობას.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ შევხვდებით საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. 2020 წლისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის უმთავრესი ღირებულება და მიზანი არის საკრებულოს საქმიანობის ინკლუზიურობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. “ - ირაკლი შენგელია