პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც შემდეგ გრანტის სახით მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად. მერიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც ოპერირებას გაუწევს ამ პროექტს.
„ეს რეალურად საპილოტე პროგრამაა, რომელიც დანერგა ქუთაისმა. ეს არის მრავალშვილიანი ოჯახების მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა. პირველ ეტაპზე ჩვენ ვარჩევთ ორგანიზაციას, რომელიც გაუწევს ოპერირებს ამ პროგრამას . ორგანიზაციის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმები არის გამოცდილება, მდგრადობა, პროექტების მართვის კუთხით სანდოობა და სხვა ბევრი კრიტერიუმი, რომელიც გაწერილია განაცხადში.“ - ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.
პროექტისთვის განსაზღვრული თანხა 60 ათასი ლარია. კონცეფცია, რომელიც უნდა წარმოადგინონ ორგანიზაციებმა, უნდა მოიცავდეს მრავალშვილიანი ოჯახების გადამზადების, მათი მცირე გრანტებით დაფინანსების და მონიტორინგის კომპონენტს. კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი. გამარჯვებული კი 20 მარტისთვის გამოვლინდება.