ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.
კინოფორუმის სტუმრებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კინოს დაბრუნება ქუთაისში და მადლობა გადაუხადა კინოცენტრს პარტნიორობისთვის.
კინოფორუმი კინოთეატრ „საქართველოში“ ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის "ჰარი-ჰარალე დედაო!" ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.