ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა. სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ესტუმრა და ეს მნიშველოვანი შენაძენი მიულოცა. ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა მედპერსონალს მათ მიერ გაწეული სამსახურისა და პროფესიული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.