ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში, იმერეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა განახორციელოს.
"ბავშვთა უფლებების კოდექსი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა. კოდექსი მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებებს ბავშვთა საკითხებისადმი. ქუთაისის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო სტურქტურებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც განაპირობებს იმას, რომ კოდექსის მოქმედება იქნება მაქსიმალურად ეფექტური“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ.
ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედება პირველ სექტემბრამდე გადავადდა.