დღეს ქუთაისში კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა მუშაობის განახლების უფლება. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ღია ტიპის აგრარული ბაზრობის გახსნის პროცესს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემიშვილი ესწრებოდნენ. აგრარული ბაზრების გახსნა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით ხდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. აგრარულ ბაზრებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბაზრების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მომხარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით; დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება;
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების და სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია; უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა; უზრუნველყოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა. უნდა ხდებოდეს მათი დასუფთავება დეზინფიცირება, ხელსაბანი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით; როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით; გარკვეული წესები უნდა დაიცვას ბაზარში შესულმა მომხმარებელმაც: აგრარულ ბაზარში მომხმარებელი მყიდველი ვალდებულია იმოქმედოს ამ რეკომენდაციების და ბიზნესოპერატორის მითითებების შესაბამისად; აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით;
დაიცვან სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა; სურსათთან შეხება განახორციელოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით; გამოიყენონ პირბადე.
„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეტაპობრივად გავააქტიუროთ ეკონომიკა. ჩვენი აგრარული ბაზრების სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ მიეცეს მუშაობის განახლების უფლება. მთავარია, მოქალაქეებს მივცეთ პროდუქციის უსაფრთხოდ შეძენის საშუალება და ამავდროულად, ფერმერებსაც უნდა ჰქონდეთ პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობა.“ - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
აგრარულ ბაზრებში რეკომენდაციების დაცვას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს.