ქუთაისის მუნიციპლიტეტს, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩატარდება ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების X საკონსულტაციო ფორუმი, ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და EPA- ს აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონიმ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან „ მმართველი კომიტეტი“, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, EPA- ს აღმასრულებელი მდივანი სტეფანო დომინიონი და ეროვნული კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხრიდან სალომე ჯამბურია.
„ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოეწერა ქალაქ ქუთაისსა, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას, რომელიც უკვე ოფიციალურად აცხადებს ქუთაისს 2021 წლის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასპინძელ ქალაქად.
ეს არის დიდი შრომის შედეგი და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ევროპის საბჭოს, ასევე სამინისტროს. ჩვენ გვეძლევა უნიკალური საშუალება ჩვენი ქალაქის პოზიციონირებისათვის სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ღირსეულად ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ფორუმს, რომელშიც 47 ქვეყნის 300-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას.“ -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ევროპის საბჭოს პროგრამა კულტურული მარშრუტების შესახებ (EPA) ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების X საკონსულტაციო ფორუმი ქუთაისში 2021 წლის 29 სექტემბერს დაიწყება და 1 ოქტომბერს დასრულდება.