ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს, მერიის სპეციალური პროგრამით, საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები ახლით შეუცვალეს. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურში „სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამა“ რამდენიმე წელია მუშაობს და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა ავარიული სახლების გადახურვას. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი რამდენიმე ოჯახს შინ ეწვია და ახლადგადახურული სახლები ინახულა. „ამ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს ცოტა ხნის წინ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ საცხოვრებელთან დაკავშირებით, ახლა კი უკვე შეუძლიათ მშვიდად იყონ- მათი სახლების სახურავები მთლიანად შევცვალეთ, ახალი ხის მასალით და გოფრირებული თუნუქით. ეს პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია, უკვე დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები და მალევე დავიწყებთ მომდევნო ეტაპსაც“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა. სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.