ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ცნობილი ფოტოხელოვანის გურამ გერსამიას პერსონალური გამოფენა გაიმართა. „ძველი იმერეთის ფოტოქრონიკები“- ასე ჰქვია გამოფენას, სადაც ფოტოჟურნალისტ გურამ გერსამიას ნამუშევრებია გამოფენილი. გამოფენის გახსნას დაესწრო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. „ ფოტოხელოვანი გურამ გერსამია ნამდვილად იყო ქუთაისის ფოტო-მემატიანე. მის კადრებზე აღბეჭდილი ქუთაისი და ქუთაისელები არაერთ პოპულარულ ფოტოალბომშია შეტანილი. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების დიდ ნაწილზე ასახული მოვლენების უშუალო მონაწილე ვარ და ერთგვარად ნოსტალგიური გამოფენაა. სასიამოვნო იქნება, თუ გურამ გერსამიას რამდენიმე ფოტო ქუთაისის მერიის დერეფნებშიც გვექნება გამოფენილი“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა. გამოფენის ორგანიზატორები ფოტოხელოვანის შთამომავლები არიან, რომლებიც გურამ გერსამიას უნიკალურ ფოტო-არქივს ინახავენ.