ქუთაისის მერიაში მიღება მოუწყვეს „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა ნახატებით ილუსტრირებული ზღაპრების წიგნების პოსტერები ამ დღეებში პარიზის მეტროპოლიტენში გამოიფინა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ პატარა მხატვრებს, „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელს და პედაგოგებს მიულოცეს ეს დიდი წარმატება და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. „ თითოეული ჩვენგანი ამაყობს დღეს თქვენით. პარიზში ნახატების გამოფენა ნებისმიერი მხატვრისთვის დიდი მიღწევაა და მით უფრო, თქვენს ასაკში. გილოცავთ და ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი!“- განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. „ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორმა ნატალი პატარიძემ იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ცენტრი წლების მანძილზე ახორციელებს. „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ მოსწავლეებმა თეკლა ჭედიამ, საბა ეძგვერაძემ, ნინი გოქაძემ, მარიამ ქავთარაძემ და მარიამ გოქსაძემ ილუსტრაციები ზღაპრების კრებულისთვის „გვრიტი“ შექმნეს. ქართული ზღაპრები ფრანგულ ენაზე პარიზში გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის დავით ლიკლიკაძეს. ცნობილი მხატვრებისა და პედაგოგების ნატალია, ქეთი და ნოე მიქავების აღსაზრდელების ნამუშევრები პარიზის მეტროში 4 თვის მანძილზე იქნება გამოფენილი.