სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, მერიის სამსახურების უფროსები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 9 საკითხის განხილვა, მათ შორის ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. ბიუჯეტში ცვლილება გამოიწვია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა სახელმწიფო რეგულაციებმა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიუჯეტი შემცირდა 2 206 000 ლარით, ამავდროულად, ქალაქმა დახმარების სახით მიიღო 5 600 000 ლარი. შესაბამისად, ამჟამად, ქუთაისის ბიუჯეტი შეადგენს 76 634 200 ლარს. სეკვესტრირებულ თანხაში მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შემცირებული ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯები.