ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში Escapeland- „აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზში“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე პარტნიორმა ქალაქებმა პრეზენტაციები გააშუქეს თავიანთი ქალაქების ტურისტული პოტენციალის შესახებ, ასევე შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აქტიური ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია ქალაქის ტურისტულ ატრაქციებსა და ტურიზმის სხვადასხვა სფეროებში არსებულ მიღწევებს ეხებოდა. პროექტში მონაწილე ქალაქები მზადყოფნას გამოთქვამენ გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც ქალაქ ქუთაისს ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში დაუგროვდა.
საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას ესწრებოდნენ: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე, პროექტის კოორდინატორი თეა ხეცურიანი, ტურიზმის ექსპერტი მარი დევიძე, პიარ ექსპერტი ლიკა ჩახუნაშვილი.
პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ, შავი ზღვის 2014-2020 წლების საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და 24 თვე გრძელდება.
აღნიშნული პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება ტურიზმისა და კულტურული მეწარმეობის კუთხით და შავი ზღვის აუზში პარტნიორებს შორის კონტაქტების გაღრმავება. “Escapeland“-ის ფარგლებში ურთიერთგამოცდილების გაზიარების საფუძველზე იგეგმება ქალაქ ქუთაისის ტურიზმის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შექმნა.