ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა.
„ვაგრძელებ ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტების მონახულებას. ადგილებზე გასვლით უფრო ცხადად ვხედავთ - სად რა პრობლემა გვაქვს, სად რას ვაკეთებთ, რა ეტაპები გვაქვს გასავლელი და რას მივანიჭოთ პრიორიტეტი.“- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
ქალაქის მერმა ამჯერად ნიკეას დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ნიკეას ქუჩაზე #61 ბინასთან მიმდინარეობს არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლდება მწვანე საფარი და ნარგავები, მოეწყობა გაზონები და საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება ხის ძელსკამები და ფანჩატური, აღდგება არსებული მემორიალი და დეკორატიული ქვისგან დამზადებული სასმელი წყლის შადრევანი. გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილის მოწყობაც.