ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. მერიის გადაწყვეტილებით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მერია ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და პროექტში მონაწილე ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„ ქუთაისი განათლების ქალაქია, დიდი ტრადიციებით- დაწყებული გელათის აკადემიიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ განათლება პრიორიტეტად გვაქვს არჩეული და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება კარგი პირობები შევუქმნათ მომავალ თაობებს განათლების მისაღებად. სოციალურად დაუცველი ოჯახების აბიტურიენტების საგამოცდო საგნებში მომზადების დაფინანსებაც სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ. შევხვდით თავად ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და ერთობლივად ავარჩიეთ პროექტის განხორციელების ოპტიმალური ვარიანტი. პროექტში მონაწილე მეთორმეტეკლასელები უკვე ესწრებიან მეცადინეობებს, მათ მიერვე არჩეულ სასკოლო საგნებში. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ პროექტს კი, ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტში კერძო სკოლები : ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“, სასწავლო ცენტი „მერმისი“, შპს #1 სკოლა და „ინტელექტი“ მონაწილეობენ.