ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ამ დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ ყოველწლიურად, 22 მარტს, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების აქციებს ახორციელებს.
დასუფთავების აქციები ქუთაისის 12-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა და მასში მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში ჩაერთვნენ.
„წყლის რესურსები უმნიშვნელოვანესია ბუნებრივ რესურსთა შორის და საჭიროა ამ რესურსების სიფრთხილით და რაციონალურად გამოყენება, ასევე, მისი დაცვა დაბინძურებისგან. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი დედამიწაზე ყოველწლიურად მცირდება. სწორედ ამიტომ ეწყობა მასშტაბური კამპანიები, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტიც უერთდება დასუფთავების აქციით. ეს ლოკალური აქციები საერთო ჯამში დიდ საქმეს ემსახურება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება.