ქუთაისის მერიასა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შერვაშიძის ქუჩა#53 აშენდება ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინვენტარით. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ლდს-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ.
„აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან. უბანში, სადაც აქამდე საერთოდ არ გვქონდა საბავშვო ბაგა-ბაღი, ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.
მადლობა მინდა ვუთხრა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც შეარჩია ქუთაისი ამ პროექტის განსახორციელებლად და ლტოლვილთა დანიის საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოებს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება.