ქუთაისში, სამუშაო-გაცნობითი ვიზიტით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ თეა წულუკიანს და მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძეს ქუთაისის თეატრები და ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა დაათვალიერებინეს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრს ეწვია, ბოლო პერიოდში ამ თეატრებში ჩატარებულ სამუშაოებს და მიმდინარე სიახლეებს გაეცნო.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქუთაისში კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
„ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ვესტუმრეთ ჩვენს თეატრებს, საჯარო ბიბლიოთეკას. ვისაუბრეთ იმ დიდ ფორუმზე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება ქუთაისში. „კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარებას ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროსთან ერთად, ქუთაისის თვითმმართველობა ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ამ საერთაშორისო ფორუმს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმ საკითხებზეც ისაუბრეს, რომელთა მოგვარება სამივე თეატრისა და ბიბლიოთეკისთვის უმნიშვნელოვანესია.