14 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღინიშნება.
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩემი დედაენა“ და კალიგრაფიულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
უნივერსიტეტის ფოიეში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური საარქივო მასალა ( იაკობ გოგებაშვილი ხელნაწერები, ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები, „დედა ენისა“ და ბუნების კარის“ შექმნის ისტორია) და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა ხელნაწერები გამოიფინა.
ღონისძიებებს დაესწრო ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.
„1978 წლის 14 აპრილი იყო უდიდესი მნიშვნელობის დღე არამხოლოდ ქართული ენის დასაცავად, არამედ ერის ცნობიერების ასამაღლებლად. სახელმწიფო ენა ყველა დონეზე უნდა იყოს საკადრისად დაცული . სასიამოვნოა, რომ დედაენის დღის აღსანიშნავად , ჩვენ ჩავატარეთ კალიგრაფიული კონკურსი და დღეს აქ გამოიფინა საუკეთესო ნამუშევრები.“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
კალიგრაფიულ კონკურსში პირველი ადგილი ელენე ენდელაძემ დაიმსახურა, II ადგილი-დიმიტრი ლეთოდიანმა, III ადგილი- ლოლიტა ჩაგანავამ. ტატა კომახიძე და ნინო ჩუბინიძე კი კონკურსის ლაურეატები გახდნენ.