ქუთაისი წელს ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს.
ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს და ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აღმასრულებელ დირექტორს, ყირგიზეთის ყოფილ ელჩს აშშ-ში, პროფესორ კადირ ტოკტოგულოვს შეხვდა.
ალიანსი დაფუძნებულია აშშ-ში, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნეს ლიდერთა საზოგადოების (SIBF)“ მიერ და აერთიანებს სხვადასხვა დარგის წარმატებულ ლიდერებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.
CELA ყოველწლიურად მართავს ათდღიან ლიდერთა აკადემიას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. საქართველო პირველად უმასპინძლებს CELA ლიდერთა აკადემიას.
„წელს ქუთაისი რამდენიმე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, მათ შორის ევრაზიის ლიდერთა ალიანსს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ქუთაისისა და ალიანსის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და ქუთაისის მიერ CELA აკადემიის 2021 წლის ღონისძიების მასპინძლობის მნიშვნელობა რეგიონის განვითარებისთვის.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
CELA აკადემია გულისხმობს ცენტრალური ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან 80-მდე დელეგატის სტუმრობას რეგიონში. ქუთაისს ესტუმრებიან წარმომადგენლები არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, ყატარიდან, ინდონეზიიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.
ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) აკადემიას ქუთაისი აგვისტოს თვეში უმასპინძლებს
ნაკლების ნახვა