ქუთაისის საკრებულოს რიგით 41-ე სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების უფროსები.
საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი დაამტკიცეს. ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და 40 თეთრი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ღირებულების რეალური ტარიფი გაცილებით მეტია და 60 თეთრამდე აღწევს, ქუთაისის მერიამ და საკრებულომ გამოძებნა დამატებითი ფინანსები და შეძლო, რომ ქუთაისის მუნიციპალური ტრანპორტით მგზავრობა არ გაძვირებულიყო.
ამასთანავე, 30 000 მდე მოქალაქე მგზავრობისას ისარგებლებს სხვადასხვა შეღავათით, მათ შორის უფასო ან განახევრებული ტარიფებით. ეს შეღავათები შეეხება მათ, ვინც აქამდე სარგებლობდა შეღავათიანი ტარიფებით, ამასთანავე, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ როგორც უნივერსიტეტების , ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები.
„დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საკრებულოს სხდომაზე, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფებს შეეხება. ჩვენ არ ვზრდით მგზავრობის ღირებულებას და ის კვლავ 40 თეთრი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გათვლებით, მგზავრობა რეალურად გაცილებით ძვირი ღირს. გვაქვს სხვადასხვა სახის შეღავათები, მათ შორის 50%-იანი ფასდაკლება სტუდენტებისთვის.
სულ მალე ავტობუსებში ამოქმედდება საბარათე გადახდის სისტემაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელებისთვის მისაღები და მოსახერხებელი იქნება როგორც მგზავრობის ტარიფი, ასევე გადახდის თანამედროვე მეთოდების დანერგვაც.“- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
საბარათე გადახდის სისტემა ქალაქის ავტობუსებში მაისიდან ამოქმედდება.