2 მაისს ქუთაისი "გვირილობას" აღნიშნავს. ბაგრატის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ , მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ქუთაისი დალოცა.
"გვირილობის" აღნიშვნის ფარგლებში , ქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო სამი ოთარის ძეგლი. " ქუთაისს უყვარს და ახსოვს ოთარ მამფორია, ოთარ ქორქია და ოთარ სულაბერიძე. სამი ოთარის ძეგლის პატივგება "გვირილობის" ერთ-ერთი ლამაზი ტრადიციაა და ამით ჩვენი ქალაქის ღირებულებებსაც მივაგებთ პატივს."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კი ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების და ფოტო-გამოფენა "ქუთაისის ბულვარი" გაიმართა. აქვე, გიმნაზიელი გოგონები მოქალაქეებს სიმბოლურად გვირილებს ურიგებდნენ. "გვირილობის" ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.