ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მესხიშვილის თეატრში გაიხსნა. ფესტივალი ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ეროვნული კინოცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი უდავოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქალაქისთვის. ქართულ კინემატოგრაფიას ხომ სწორედ ქუთაისში ჩაეყარა საფუძველი, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი, რეჟისორი და ოპერატორი ვასილ ამაშუკელი ჩვენი თანაქალაქელია, ქართული კინოს ბევრი ლეგენდაც ქუთაისშია დაბადებული, მრავალი ქართული ფილმია აქ გადაღებული. ჩვენ გვაქვს საუკეთესო ტრადიციები და ამ ტრადიციებს გაგრძელება სჭირდება. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი ფესტივალის ორგანიზატორებს , რომ მათი იდეა რეალობად ქცეულიყო და დაფუძნებულიყო ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. ეს ფესტივალი გვაძლევს საშუალებას, დიდ ეკრანზე ვიხილოთ ათეულობით ახალი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი. პანდემიის შემდგომ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლადაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქუთაისისა და ქუთაისელებისთვის ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებას. მჯერა, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი თავს დაიმკვიდრებს და თავის ნიშას იპოვის მსოფლიო კინოფესტივალებს შორის! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ფესტივალის მთავარ კონკურსში (10- დან 30 წთ-მდე) მონაწილეობს 15 ფილმი. მეორე კონკურსში (1 -დან 5 წუთამდე ფილმები) მონაწილეობს 26 ფილმი. მთავარი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს – „ოქროს დინოზავრს“ -გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. 1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული ავტორები, გაიცემა ერთი პრიზი – „დინოზავრის ნაკვალევი“, საუკეთესო ფილმისთვის . საპატიო პრიზი“ოქროს დინოზავრი“ კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რეზო გაბრიაძეს გადაეცა. 3 დღის განმავლობაში ფართო აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს ფრანგული, ჩინური, გერმანული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მრავალფეროვან პროგრამას . ნაჩვენები იქნება უკანასკნელი ათწლეულის თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები; კინოჩვენებებთან ერთად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი კინორეჟისორები, კინოოპერატორები, სცენარისტები, პროდიუსერები. კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „საქართველოში“ და დასწრება უფასოა. ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.