ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფარგლებში, რეჟისორმა გელა ბაბლუანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფრანგული კინოსკოლის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინოხელოვანი KIU-ს სტუდენტებს შეხვდა და მათ საკუთარ ნამუშევრებზე ესაუბრა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ რეჟისორს და მის შემოქმედებას ახლოდან გაცნობოდნენ.
„ქუთაისის საერთაშორისო
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ დღეებში ქუთაისს სტუმრობენ ცნობილი კინო რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მასტერკლასებს უტარებენ ახალგაზრდებს. დღეს რეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა სტუდენტებს და ფრანგულ კინოსკოლაზე ესაუბრა მათ. საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ამ კინოსკოლასთან ქუთაისელი ახალგაზრდების მომავალი ურთიერთობების შესახებაც. მჯერა, რომ ეს კინოფესტივალი ბევრ საინტერესო და წარმატებულ თანამშრომლობას ჩაუყრის საფუძველს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, 8-12 მაისს ტარდება.