ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2021“ დაიწყო.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ფესტივალის მონაწილეები და თეატრის მოყვარულები.
„ ქუთაისი უდიდესი თეატრალური ტრადიციების ქალაქია და სიმბოლურია, რომ სწორედ აქ დაარსდა ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“. ქუთაისის მერია იყო ამ ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოველთვის მხარს დაუჭერს, რომ ეს თეატრალური დღესასწაული აჩუქოს ადამიანებს.
მოხარული ვარ, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, არც გასულ წელს შექმნია საფრთხე ფესტივალის ჩატარებას და წელსაც ჩვეული რიტმით და განწყობით ჩატარდება.
ქუთაისი კვლავ ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს იმერეთის პროფესიული თუ სახალხო თეატრების დასებს.
ვულოცავ თეატრის მოყვარულებს ფესტივალის „ თეატრალური იმერეთი 2021“ დაწყებას!
წინ საინტერესო სპექტაკლები და დღეები გველოდება! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფესტივალი 1 ივლისს დასრულდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის პროფესიული და სამოყვარულო თეატრები.