ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს შერვაშიძის 53 ნომერში.მიმდინარე სამუშაოები ადგილზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის, ასევე იმერეთის რეგიონის ვეტერან ფეხბურთელებთან და ქუთაისის ტორპედოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ოთხივე მოედანი აღიჭურვება განათების სისტემით, ორ მოედანზე კი მოეწყობა ტრიბუნა. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც იქნება გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები.
პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს შეეძლებათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2022 წლის ზაფხულში იგეგმება.