ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იყო დაგეგმილი, რომელთაგან უმეტესი ნაწილი უკვე დასრულდა, დანარჩენზე მუშაობა კი კვლავ მიმდინარეობს.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა რამდენიმე ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
შანიძის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 819 438 ლარია განსაზღვრული. კეთდება საგზაო სამოსი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა. სამუშაოებს შპს „გლობალ-ბილდინგი“ აწარმოებს. შანიძის აღმართის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცხინვალის ქუჩაზეც, სადაც განახლდება გზის საფარი და მოწესრიგდება ტროტუარები. 371 184 ლარის სამუშაოებს შპს „პალადა“ დეკემბერში დაასრულებს.
ხარებავას ქუჩაზე, სს „ჰუალინგის“ მიმდებარედ, მდინარე ოღასკურას კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაწყებულია არსებული კალაპოტის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციის სამუშაოები, რისთვისაც გამოყოფილია 1 049 941 ლარი. სამუშაოებს შპს „როუდ სოლუშენი“ ასრულებს . ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია 2022 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
ცხრა აპრილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, დასრულდა „მზეჭაბუკის „ მონუმენტის მონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა და გამწვანების სამუშაოები. სამუშაოებს შპს ,, „გლობალ სტანდარტმშენი“ ასრულებს. „მზეჭაბუკის“ სკვერის მოსაწყობად 166 712 ლარია განსაზღვრული და დეკემბერში დასრულდება.
" მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მთელი რიგი შეზღუდვებისა, ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი და ვადები არ შეგვიცვლია. დღეს რამდენიმე ადგილზე მოვინახულეთ სამუშაო პროცესი. სრული რეაბილიტაცია უტარდება ცხინვალის ქუჩას და შანიძის აღმართს. ფართოვდება ოღასკურას კალაპოტი, „ჰუალინგის „ მიმდებარედ, რაც ათწლეულების პრობლემას მოუხსნის ამ უბნის მცხოვრებლებს. ჩვენ ქალაქში დავაბრუნეთ „მზეჭაბუკის“ მონუმენტი და მალე იქვე ახალ სკვერსაც გავხსნით . მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ არაერთი პროექტის განხორცილება გვაქვს დაგეგმილი“.- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.
ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის მიერ.