12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ქუთაისის მერიის ინიციატივით, გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი. ფორუმის ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდულ ინიციატივებში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ქუთაისში არსებულმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი მათ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ფორუმს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ახალგარდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვატო ბააკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ დღეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება და გადავწყვიტე, ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად შევხვედროდი ამ დღეს.
პირველ რიგში, მინდა მივულოცო ეს დღე ყველა ახალგაზრდას და განსაკუთრებულად ჩვენს თანაქალაქელებს. ახალგაზრდული ფორუმი ჩავატარეთ, სადაც ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც ქუთაისის თვითმმართველობის მიერ იქნა დაფინანსებული. ეს პროექტები ყოველწლიურად ხორციელდება და უკვე ბევრმა ქუთაისელმა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება.
ვისაუბრეთ სამომავლო ინიციატივებზეც. მინდა, კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ახალი პროექტები შემოიტანონ.
ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც არის ორიენტირებული ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ და მათთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ იქნა ორგანიზებული.