ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და მერიის სამსახურების უფროსები.
GIZ-თან თანამშრომლობით ქუთაისში უკვე რამდენიმე საპილოტე პროგრამა ხორციელდება. შეხვედრაზე ისაუბრეს კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება ქუთაისში და რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე ქალაქის უბნების პოტენციალის შესწავლას , შემდგომ კი ამ პოტენციალის სათანადოდ ხელშეწყობასა და განვითრებას.
პროექტში აქტიურად იქნება ჩართული როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნეს-სექტორი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოზიდული იქნება ინვესტიციები, რათა შესაძლებელი გახდეს რამდენიმე პროექტის ერთდროულად დაფინანსება და განხორციელება.
„ქუთაისს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის არაერთი მაგალითი, თუნდაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები გავიხსენოთ. GIZ-თან თანამშრომლობითაც რამდენიმე პროგრამას განვახორციელებთ, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი.“- აცხადებს დავით ერემეიშვილი.
აღნიშნული პროექტი მცირე და საოჯახო ბიზნესის განვითარებასა და წახალისებაზეც იზრუნებს.