ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
ნაძვის ხე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა და შერეული გუნდების მიერ შესრულებული სიმღერის თანხლებით აინთო.
ქალაქის მერმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა თანაქალაქელებს:
„ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 2022 წლის მოლოდინი იმედით გვავსებს, რომ ყველა სირთულეს, რაც 2021 წელს იყო, დავძლევთ! პანდემიის გამო მონატრებული გვქონდა ასეთი სახალხო ზეიმი და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს თქვენთან ერთად აგვენთო ნაძვის ხე.
2022 წელი ქუთაისისთვის იქნება განვითარების, წინსვლის, უამრავი ახალი პროექტის და ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული წელი.
ჩვენ ყველა, ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის!
მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონდეს, წარმატებული და ბედნიერი იყოს ახალი წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ესტრადის მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობდნენ.