ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფოტო-გამოფენა მოეწყო, რომელიც ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ გაბროვოს მიეძღვნა.
გამოფენა გახსნა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, პროცესში ონლაინ ფორმატით მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი და გაბროვოს მერი ტანია ხრისტოვა.
„ქუთაისსა და ბულგარეთის ქალაქ გაბროვოს არცთუ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, მაგრამ ორივე ქალაქში უკვე ბევრი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ. საერთოც ბევრი გვაქვს. გასულ წელს გაბროვოში მოეწყო ქუთაისისადმი მიძღვნილი გამოფენა, დღეს კი, ჩვენ გავხსენით გამოფენა, სადაც წარმოდგენილი გვაქვს ფოტოები გაბროვოს შესახებ.
ჩვენი მიზანია ორ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარება, ისტორიული, კულტურული და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია, ორმხრივი გამოცდილების გაზიარება განათლების, ადმინისტრირების, ეკონომიკის, ბიზნესის, ჯანდაცვის სფეროებში. დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება და გაბროვოელები ქუთაისში გვესტუმრებიან,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.