ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გაიმართა.
კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,
ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარი მარია გაბრიელი. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
„ საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა, სადაც პროგრამას" ჰორიზონტი ევროპა"-ს გავეცანით. მოხარული ვარ, რომ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის ამ უმსხვილესი პროგრამის გრანტებით დაფინანსდება უამრავი სამეცნიერო კვლევა , ინოვაციები, საუკეთესო იდეები თუ გამოგონებები. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ამ პრეზენტაციას, როგორც ერთერთი ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო - საგანმანათლებლო ცენტრი ჩვენს ქვეყანაში.
ვიმედოვნებ , რომ ქუთაისელი მეცნიერები, მათ შორის ახალგაზრდებიც , გამოიყენებენ ამ შანსს , აქტიურად ჩაერთვებიან პროგრამაში" ჰორიზონტი ევროპა" , რაც საბოლოოდ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილი.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირების შესაძლებლობების, პროგრამის სტრუქტურის, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმისა და Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის სტრატეგიული გეგმებისა და პერსპექტივების შესახებ.