ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-2 სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 7 საკითხი დაამტკიცეს.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.ზ. ჭავჭავაძის #16/ა მდებარე მიწის ნაკვეთზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. საბავშვო ბაღის შიდა და გარე ინტერიერი გათვლილი იქნება ბავშვთა რაოდენობაზე და ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, რომ პატარებმა სრულფასოვან გარემოში შეძლონ დღის გატარება.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ქუთაისში 2021 -2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალს 4 ობიექტი დაემატა:
ირაკლი აბაშიძის გამზირზე ე.წ. კიკვიძის სკვერის რეაბილიტაცია;
ჩეჩელაშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავალიანის ქუჩის #14- ში მდებარე შენობის მეორე სართულის და სახურავის რეაბილიტაცია;
#მე-4 სამუსიკო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობა და შიდა სივრცის მოწყობა.
ცვლილება შევიდა საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა რაოდენობაში. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა საზოგადოების ფართო სპექტრს. იგი დაკოპლექტებულია არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებით.
საპრივატიზაციო ნუსხას დაემატა რამდენიმე ობიექტი, რომლის პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტში მოხდება დამატებითი თანხების მობილიზება.