ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და ქალაქ სიანის მერი ლი მინგუანი.
მხარეები შეთანხმდნენ ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისთვის განავითარონ თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის სფეროებში.
„ დღეს ხელი მოეწერა პარტნიორულ ურთიერთობას ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის. რომელიც მომავალში ფართო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. მნიშვნელოვანია ქალაქ სიანთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც ქუთაისის მსგავსად, სიანი ჩინეთის უძველესი ქალაქია, სადაც თავმოყრილია ჩინური კულტურის და ისტორიის სიძველეები.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ სიანი ავირჩიეთ პარტნიორ ქალაქად, რადგანაც ამ ორი ქალაქის ისტორია და თანამედროვე ინტერესები თანხვედრილია.
მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ელჩს ჩინეთში , ბატონ არჩილ კალანდიას, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა ქუთაისსა და სიანს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება.
მჯერა, რომ ეს მეგობრობა წარმატებული იქნება ორივე ქალაქისთვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.