ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022" გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენით დაიწყო.
გალერეის ფასადზე წარმოდგენილი იქნა თემატური ფოტო- გამოფენა „Urban Landscapes“.
გალერეის შიდა ეზოში გაიმართა მოწვეული მხატვრების ვიდეო პროექციები.
"ქუთაისს აქვს „ქარავან არტ ფორუმის“ ჩატარების კარგი გამოცდილება 2016 წელს და მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვმასპინძლობთ ამ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას.
ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე დღის მანძილზე, შესაძლებლობა გვექნება ვნახოთ არაერთი საინტერესო გამოფენა და პრეზენტაცია, ჩატარდება შეხვედრები და სემინარები მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს მუშაობა კულტურის გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის შესაქმნელად. სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება სწორედ ის, რომ ქუთაისი უნდა იქცეს ამ ტიპის და მასშტაბების ფორუმებისა და ფესტივალების მასპინძელ ქალაქად.
წინ საინტერესო, დატვირთული დღეები გველის და მჯერა, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი 2022 “ ხელს შეუწყობს ქუთაისის კიდევ ერთხელ სათანადოდ წამოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.