ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრას, ქალაქის მერთან ერთად, ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და იმ გამოწვევებზე, რაც ამ ეტაპზე აქვთ.
ქუთაისის მერია, განათლების სამინისტროსთან ერთად, აპირებს გარკვეული სახის სამუშაოები ჩაატაროს სკოლებში, სადაც გადაუდებელი ჩარევაა საჭირო.
„ დღეს ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებს შევხვდი. სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და უკვე უნდა დავიწყოთ მზადება ახალი სასწავლო წლისთვის.
დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი სკოლების ინფრასტრუქტურაზე.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ მონაცემთა ერთიანი ბაზა და სამინისტროსთან ერთად, სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ამ დრომდე ქუთაისში, მილენიუმის პროგრამით , 2017-2019 წლებში სრულად გარემონტდა 7 სკოლა. 2020-2022 წლებში , მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიდევ 5 სკოლას . წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 3 სკოლას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით გარემონტდა სველი წერტილები და მოგვარდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხები.