ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთოხების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი, USAID საქართველოს დელეგაციის წევრები, ასევე კერძო სექტორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.
პრეზენტაციის ფარგლებში, MOESD, NASP და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ , ფართო აუდიტორიას და სხვადასხვა მასშტაბის ინვესტორებს, რეგიონის შესაძლებლობების და პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად, ქუთაისსა და მის მიმდებარედ არსებული 25 საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება შესთავაზა.
მათ შორის, ქალაქ ქუთაისის ისტორიულ , ცენტრალურ უბანში, შოთა რუსთაველის ქუჩა #3-ში მდებარე ქუთაისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, Cushman & Wakefield (C&W, უძრავი ქონების განვითარების საერთაშორისო კომპანია)-თან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით , განხორციელდა ქუთაისში, ლ. ასათიანის ქ. N 96-ში მდებარე , ყოფილი „ქუთაისის საკონსერვო ქარხნის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, შეიქმნა ბიზნეს გეგმა, ფინანსური მოდელი და მისი განვითარების არქიტექტურული რენდერი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება გამორჩეულია თავისი საინვესტიციო პოტენციალით და მიმზიდველობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინვესტორების დაინტერესებას აღნიშნულ ობიექტზე მულტიფუნქციური ცენტრის მოსაწყობად.
აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განვითარების პროექტი იქნება ქუთაისში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ქალაქის , ასევე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.