ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოში აშშ - ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ დაათვალიერეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია „Dimark group“ - ი ბარგის მართვის სისტემის მონტაჟს ახორციელებს. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1 200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.